Saturday, December 13, 2008

თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ....

თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ....


არამარკეტინგული სლოგანის ისტორია

ნესტან ცეცხლაძე

გაზეთი ბათუმელები


რედაქციის ოფისის სულ ბოლო ნაწილში, მწველებისა და ყავის მოყვარულების საყვარელ ადგილას, სადაც ძირითადად ხდება ხოლმე აზრთა გაცვლა–გამოცვლა გაზეთის სლოგანს ვტესტავდი – ფურცელზე ჩამოწერილ 20 მდე სლოგანს ხმამაღლა ვუკითხავდი ჟურნალისტებსა და რედაქციის სტუმრებს, მათ რეაქციებს ვაკვირდებოდი და მოსაზრებებს ვისმენდი.


„არაა, ძალიან ამბიციურია“, „ნუ, რა საშინელი მორალიზმია“, „ოჰჰ, ეგ არ იმუშავებს, ხალხს აღარ სჯერა მედიის“, „ამას არაუშავს, მაგრამ იქნებ გადავაკეთოთ“? და ასე შემდეგ. ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ერთ–ერთი ასეთი ტესტირების დროს დისტრიბუციის სამსახურის თანამშრომელი შემოვიდა. ამბავი მოგვიყვა, ერთმა მკითხველმა გვითხრა, „რა ინტრიგნები ხართ, რაში გაინტერესებთ, რამდენი ხელფასი და რა ქონება აქვს ლევან ვარშალომიძესო (აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს)“. მერე დაამატა, საჯარო მოხელეებს ძირითადად ურჩევნიათ სახლში მივუტანოთ გაზეთი, სამსახურში „ერიდებიანო“...


წავიდა დისტრიბუციის თანამშრომელი და ახალი საფიქრალი დაგვიტოვა – რა უნდა უნდა ყოფილიყო მესიჯი ისეთი მკითხველებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ თანამდებობის პირების ხელფასის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პირადი ახირებაა? ან ისეთებისათვის, რომელთათისაც სამსახურში „ბათუმელების“ კითხვა საშიშია?


„გააკეთე ინფორმირებული არჩევანი“ – არაააა. ყველას გაეცინა. ჯერ ერთი საშინლად გატყლარჭულია, თანაც არჩევნები ადამიანებში უკვე სიყალბესთან ასოცირდება. არა, არა.


ყავის და სიგარეტის კუთხეში მე და ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე დავრჩით. „რა მოხდება ჩვენს მკითხველს უბრალოდ რომ ვუთხრათ, რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ ის, რაზეც ჩვენ ვწერთ? რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ არა მარტო ის, თუ რამდენი აქვს ხელფასი ლევან ვარშალომიძეს, არამედ ისიც, თუ რაში ხარჯავს? „ – ვკითხე ნანას ალბათ ძალიან უბედური გამომეტყველებით.


ერთი წამით გაჩერდა. „კიი, ძალიან მაგარია! მოიცა, იურისტების სლოგანს ხომ არ გავს?“

„რატომ? რა შუაშია იურისტები? აქ ხომ ცოდნაზეა საუბარი, ინფორმაციის მიღების უფლებაზე, ჩვენს მთავარ ფუნქციაზე“.

“კი, კი, კიიი” – უცებ უფრო მოეწონა.

მოკლედ ასე. ყველას ჩამოვუარეთ. შიდა ტესტირებამ კარგად ჩაიარა.

ვარაუდებიც გამოვთქვით, რომ ეს სლოგანი შეიძლება სულაც არაა ძალიან მომხიბვლელი, ტკბილი, მშვენიერი, მარკეტინგულად მომგებიანი, მაგრამ არაუშავს. ჩვენ უბრალოდ შეგახსენებთ მუდმივად, რომ ჩვენ ყველას მართლაც გვაქვს კანონიერი უფლება ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება, რას არ აკეთებს, ვინ იცავს კანონს, ვინ არ იცავს, ვინ არღვევს ადამიანების უფლებებს, ვინ გვიცავს, როგორია გარემოს მდგომარეობა რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ საკვების ხარისხი, რომელსაც ვიღებთ და ასე უსასრულოდ ვინ, რა, როდის და რატომ.


ამიტომაც, ყოველთვის, როცა შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, შევახსენებთ ჩვენს თავსაც – რომ ვალდებული ვართ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია

მოგიყვეთ ამბები, რომლის ცოდნის უფლებაც გაქვთ.